Sign In
Sign-Up
Welcome!
Close
Would you like to make this site your homepage? It's fast and easy...
Yes, Please make this my home page!
No Thanks
Don't show this to me again.
Close
ვახოს, მალხაზს, ვანოს, კახას, ოთოს და ყველას ვინც ჩვენთან აღარ არის
იმ დროს, როდესაც ნიუ-იორკთან ახლოს, ვუდსტოკის ფერმაზე შეკრებილი ნახევარი მილიონი ადამიანი, მოუთმენლად ელოდა ჯიმი ჰენდრიქსის სცენაზე გამოჩენას, თბილისში, იმპერიის რომელიღაც მიყრუებულ კუთხეში, იგივე რაოდენობის ხალხი გულმოდგინედ იწერდა "ბიტელს"-ის "თეთრ ალბომს", "სვემა"-ს მაგნიტურ ლენტზე. მას შემდეგ ნახევარი ცხოვრება გავიდა და ვინც ამგვარად აღმოჩნდა მოწამლული, როგორც ჩანს მათი საშველი აღარ არის. ალბათ ამიტომ, ასეთი წიგნის დაწერის სურვილი დიდი ხანი არ ასვენებდა ჩვენში უამრავ ადამიანს, რომელთა უმრავლესობა ჩემი მეგობარია და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკითრებით კი - ვასიკო კეჟერაძეს. როგორ უნდა დაიწყოს კაცმა ასეთი წიგნის წერა, ან რატომ? პირველ კითხვაზე იმდენი ვიფიქრე რომ, ამასობაში თითქოს სათაურიც მოვიფიქრე და გაფორმებაც. მეორე კითხვაზე თავი იმით ვინუგეშე, რომ ბოლოს და ბოლოს ტექსტი ქართულად იქნება და თან წიგნის ფორმაც ექნება მეთქი. ისე, ამ თემაზე მსგავსი ქართული წიგნი ვერც გავიხსენე, ჯაზზე არსებულ ორიოდე მშვენიერ გამოცემას თუ არ ჩავთვლით. მუზის დიდი ხნის უიმედო ლოდინის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი საყვარელი ფირიფტებისთვის გადამეხედა და შთაბეჭდილებები მომეშველიებინა. პირველი, რაც თვალდახუჭულს ხელში მომხვდა, ფრენკ ზაპას 1974 წლის ორმაგი ალბომი "როქსი" აღმოჩნდა. ცუდი დასაწყისი არ არის მეთქი, გავიფიქრე და შემდეგ ფირფიტას უკვე თვალგახელილმა შევხედე. ისიც 1974 წლის გამოდგა და ასევე ორმაგი - "ჯენეზის"-ის "ბროდვეი". ასეთი დამთხვევა ალბათ კარგის ნიშანია მეთქი და საბოლოოდ გავთამამდი... ყოველ ნამდვილ წიგნს, თან ახლავს ხოლმე გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, ჰოდა აი ისიც: მთელი მედია, ინტერნეტი და ათასნაირი ენციკლოპედიები, ილუსტრაციებით და მათ გარეშე. და ბოლოს, ნახატი ყდისათვის თავაზიანად მოგვაწოდა ჯეიმს გრაშოვმა, რომელმაც თავის დროზე, როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დისკიც გააფორმა. წესით და რიგით, მსგავსი წიგნის პირველი თავი ასე უნდა იწყებოდეს:
როკ-ენ-როლის დაბადების დღე
მაგრამ სითამამესაც საზღვარი აქვს, თან მემგონი ცოტა ყალბიც გამოვა. პირველი იმიტომ, რომ იმ თაობას არ ვეკუთვნი რომელიც მოესწრო ამ მოვლენას და თავის თავზე გამოსცადა მისი ეფექტი. მეორე - როგორც მე მგონია, ამ ყველაფერმა ქართველებს ცოტა გვერდი აგვიარა, იმის გამო, რომ იმპერიულ პროვინციებში ინფორმაცია ძალიან აგვიანებს. ჰოდა, ვიფიქრე 50-იანების საუკეთესო ალბომებზე ორიოდე სიტყვა მეთქვა. რათქმაუნდა, პირველი და მთავარი აქ ელვის პრესლის 1956 წლის დისკი შემხვდა, სახელად "ელვის პრესლი". მემგონი რკინისებური ლოგიკაა არჩევანშიც და სათაურშიც, მითუმეტეს, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ არქმევდნენ ალბომებს ისეთ სახელებს, როგორიცაა მაგალითად: "გემმა ძალიან დააგვიანა ჩაძირული კუდიანის გადასარჩენად მისვლა". არც კი ვიცი, საჭიროა თუ არა დაწვრილებითი ბიოგრაფიული ცნობების მოტანა: "...დაიბადა ამერიკელი მოსამსახურეების ღარიბ ოჯახში..." და ასე შემდეგ. მგონი ჯობია ვთქვა, ცხონებული თქო. დღესაც დიდი სიამოვნებით უსმინს ხალხი, დიდი ტირაჟითაც იბეჭდება და პირველ აგდილებზეც გადის. 18 წლის პრესლი, რომელიც მაშინ მძღოლი იყო, სემ ფილიპსის ხმის ჩამწერ სტუდია "სან"-ში მისულა, სიმღერის "ყველაფერი რიგზეა" ჩასაწერად, რომელიც დღეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამბობენ, სწორედ მაშინ დაიბადა როკ-ენ-როლიო. ზუსტად ამ დროს, 1953 წელს, ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ავიდა, ელისაბედ მეორე. ჩვენთან კი, ბელადი გარდაიცვალა და იქნებ ამანაც გაუხსნა ინფორმაციას გზა. მხოლოდ ამ ტერმინის გამო დაწერილ ლიტერატურას კი, მგონი ვერცერთი ბილბიოთეკა ვერ დაიტევს. მისი ყველაზე მარტი განმარტება, ალბათ ასეთია: შავკანიანი ლიტლ რიჩარდის თუ ფეტს დომინოს შესრულებით, მას რითმ-ენ-ბლუზს ეძახდნენ. თეთრების რეპერტუარში კი, ის როკ-ენ-როლად იქცა: შავი ბლუზის და თეთრი ქანთრის ნაზავად. ერთი სიტყვით, პრესლიმ წაშალა ამ მუსიკალური ჟანრების საზღვრები და ის მთელი თაობის თვითგამოხატვის საშუალებად აქცია. ამის შემდეგ პრესლის
ელვის
სისწრაფით მოჰყვნენ: ჯერი ლი ლუისი, როი ორბისონი, ჯონი ქეში და ბოლოს, ბადი ჰოლი. ჰოლიმ მხოლოდ 22 წელი იცოცხლა და სულ რაღაც ერთ წელში უამრავი რამ მოასწრო. ის თვითონ წერდა ტექსტებს, თვითონ შეკრიბა "კრიკეტსი" - ერთ-ერთი პირველი როკ-ჯგუფი, ჩაწერაზე კონტროლს თვითონ ანხორციელებდა, უპირატესობას ელექტრო გიტარას ანიჭებდა და ბოლოს ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ მაინც და მაინც სილამაზით არ გამოირჩეოდა. იმ დროს ეს ამბავი, ცოტა წარმუდგენელიც კი იყო. ინგლისურმა ჯგუფმა, ამ კაცის პატივისცემით დაირქვა "ჰოლისი". თუნდაც ნახეთ როგორ ჟღერს მისი "სიყვარულის სიტყვები" "ბიტელსი გასაყიდად" -ში. ასევე, ვიქტორ ცოი ერთგან მღერის: ვიტრინების შუშებში, ჩემი თავი ბადი ჰოლი მგონიაო. ჩვენთან, ჯერ ჯაზი ბატონობს, გლენ მილერით შთაგონებული "გ.პ.ი."-ს ორკესტრის მეთაურობით. ერთ-ერთი ვერსიით, როკ-ენ-როლის ტერმინად დანერგვას ალან ფრიდს აბრალებენ. ეს კაცი, 1952 წლიდან უწამლავდა თურმე ტვინს კლივლენდის ახალგაზრდობას, თავისი მუსიკალური რადიო გადაცემებით. განსაკუთრებით კი ბილ ჰეილი და "კომეტები" ყვარებია. თუ ამ ვერსიას დავუჯერებთ, გამოდის რომ "როკი" ჰეილის ტექსტიდან აუღია ფრიდს. ბარემ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ "როკი" ქართულად "როკვაა" და მეტი არაფერი. ჰეილის "კომეტები" ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომლის ფირფიტა "როკვა დღე და ღამე" მილიონზე მეტი გაიყიდა. კიდევ ერთი რამ, რაც მუსიკის ესთეტ მსმენელს ძალიან სიამოვნებს: ამ ალბომის ყდა, გაფორმების ერთ-ერთი პირველი ნიმუშა და თითქოს მალევიჩს ან კანდინსკის ნახატს გვაგონებს. იმ დროს ხომ ყდებს, მხოლოდ მომღერლის ლამაზ პორტრეტებს ახატავდნენ. 80-იანი წლების ბოლოს, ჩვენი იმპერიის უკანასკნელ დღეებში, მახსოვს, დიდი დაგვიანებით რომ გამოჩნდა თავისუფალ გაყიდვაში, სწორედ ამათი პოლონური ფირფიტა. თუმცა, ჩემთვის ნამდვილი, როგორც კოლექციონერები ამბობენ: ორიგინალი ფირფიტები არასოდეს ყოფილა იშვიათობა, მაგრამ ამ ამბით მაინც ძალიან გაოცებული დავრჩი. ბოლოს ფრიდმა, როგრც მენეჯერმა კონცერტების მოწყობა დაიწყო. თან, თურმე შავკანიანებსაც და თეთრებსაც განურჩევლად პატიჟებდა ხოლმე, იმდროინდელი რასობრივი სეგრეგაციის მიუხედავად. ჰოდა, აგერ ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა: არაჩვეულებრივი მუსიკოსი და გიტარისტი ჩაკ ბერი, რომელიც დღესაც ცოცხალია და თავის კერპად ისეთი ხალხი ასახელებს, როგორებიც არიან "როლინგ სტოუნზი" და "გრეიტფულ დედი". კრიტიკოსები მას როკის პოეტს ეძახიან. აგერ ამის მშვენიერი მაგალითი, სიმღერა "ჩაიჩოჩე ბეთჰოვენო" და შემდეგ როგორც ტექსტშია: დღეს მე ისევ როკის მოსმენა მომინდაო. მოკლედ, კაცმა ლამის ბეთჰოვენზე აღმართა ხელი და აბა ეს ამბავი ეგრე როგორ ჩაივლიდა? ასე რომ, 50-იანების ბოლოს, ბროდვეიზე ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები გაჩნდნენ: კომპოზიტორები, ხმის ჩაწერის ინჟინრები და არანჟირების ოსტატები. ამ ყველაფრმა ერთ ისეთ ადამიანში მოიყარა თავი, როგორიც ფილ სპექტორი იყო. 19 წლის ფილს, სტუდია "ატლანტიკ"-ში სიმღერა "ესპანური ჰარლემი" ჩაუწერია. თან, ამისთვის ერთდროულად რამდენიმე გიტარისტი, ორი მედოლე, ათიოდე სასულე და ერთიც ამდენი სიმებიანი მოუწვევია. მომდევნო წლებში, სპექტორმა ამავე "ბგერითი კედლის" უნიკალური მეთოდით არანჟირება გაუკეთა და ჩაწერა ისეთი ხალხი როგორებიც არიან თინა და აიკ ტერნერები და მოგვიანებით თვით "ბიტელსი". სანამ ჩვენთან ისევ "მზიური ველის სერენადა"-ს უსმენდნენ, ამასობაში მეორე ჯორჯიაში, როკ-მუსიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მომხდარა: ჯაზისა და ბლუზის მუსიკოსს - რეი ჩარლზს, თავის ფორტეპიანოზე ნაცვლად "მე ვპოვე უფალი"-სა, "მე ვპოვე ქალი"-ო უმღერია. თუ არ ვცდები, ეს სიმღერა თბილისშიც შეასრულა, აგერ უკვე აქეთ, ხალხმა გლენ მილერი რომ დაივიწყა საბოლოოდ. როგორც კრიტიკოსები წერენ, რეიმ როკში სულიერება შეიტანაო: ეტყობა ამ სიმღერას არ გულისხმობენ. ამ გზაზე რეი ჩარლზს, გაჰყვნენ ოტის რედინგი, სტივ უონდერი და ჯეიმს ბრაუნი. ეს უკანასკნელიც კარგად უნდა ახსოვდეთ თბილისელებს, ლაგუნა ვერეზე რომ იბანავა, შუა კონცერტისას. როგორც ჩანს, სხვანაირადაც შეასძლოა ისტორიაში შესვლა, თუნდაც
უსიტყვოდ
გიტარისტების გამოცემებს თუ არ ჩავთვლით, მემგონი მკვლევარები მაიცადამაინც არ წყალობენ, ერთ შესანიშნავ ადამიანს. ჰოდა, რადგან ამ წიგნს მსგავსი პრეტენზია არა აქვს, ვეცდები ეს ამბავი გამოვასწორო. თან გიტარისტი რამდენად დიდ როლს თამაშობს როკ-მუსიკაში, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. სანამ ღმერთები გამოჩნდებიან, ხომ ხდება ხოლმე, რომ მათ მოსვლას, წინ ვინმე რჩეული უსწრებს? აი, ზუსტად ეს კაცია ლინკ რეი. ჯიმი ჰენდრიქსს, ჯიმი პეიჯს, ჯონ ჩიპოლინოს მას თავის მასწავლებლად თვლიან. ნილ იანგმა: რომ შემეძლოს წარსულში დბრუნება, რეის კონცერტს დავესწრებოდიო. ამბობენ ლინკ რეის მხოლოდ ერთი კომპოზიციაც რომ ჩაეწერა, ესეც საკმარისი იქნებოდაო. ლაპარაკია 1958 წლის "რამბლ"-ზე. პიტ თაუნშენმა: "რამბლი" რომ არ მომესმინა, გიტარას არც ავიღებდი ხელშიო. ჯიმი პეიჯი კი, დღესაც სიამოვნებით უსმენს თურმე თავის კერპს. პირველად რომ დაუკრავს ეს ინსტრუმენტული კომპოზიცია, ისეთი ეფექტი მოუხდენია, რომ ბისზე კიდევ სამჯერ გაუმეორებია. სწორედ ამ დროს გაიჟღერა პირველად ფუზიანმა გიტარამ: გადატვირთული, დამძიმებული და გაძლიერებული ხმით. იმ დროისთვის, ლინკ რეის გიტარა ისე აგრესიულად ჟღერს, რომ რამოდენიმე რადიო სადგურს აუკრძალავს კიდეც "რამბლი". ეს შემთხვევა მემგონი საერთოდ უნიკალურია, იმ გაგებით, რომ ამ კომპოზიციას ტექსტი არა აქვს. ალბათ სათაურმა, რომელიც სლენგზე "ჩაცხრილვა"-ს ნიშნავს, თუ შეაშინა ვინმე... აქ მემგონი 60-იანებს მივადექით და როგორც მიღებულია, რაიმე ორიგინალურ სათაურს მოიფიქრებდა კაცი, ვთქვათ:
შავი მუსიკა თეთრ ხელთათმანებში
მაგრამ ამაზე სერიოზულმა გამოცემებმა იფიქრონ. მე კი, იმავე ჩანაწერს რომ ვუსმენ რასაც ვყვები, იმას ვფიქრობ: რა დრო მოვიდა თქო: საბჭოთა მილიციის მიერ კონფისკებული ფირფიტები გამახსენდა. ერთი სიტყვით, 60-იანების კალიფორნიელი ახალგაზრდობის მთავარი გასართობი ადგილი, წყნარი ოკეანის სანაპირო ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს, ლოს-ანჯელესელმა დენის და კარლ უილსონებმა, აღფრთოვანებულებმა მოირბინეს სახლში თურმე, უფროსი ძმისთვის ბრაიანისთვის, სერფინგით მიღებული შთაბეჭდილებები რომ გაეზიარებინათ. ბრაიანს ძმებისთვის ჯერ "სანაპიროს ბიჭები" უწოდებია, მერე ამდგარა და სერფინგზე სიმღერა დაუწერია და ბოლოს ჯგუფი "ბიჩ ბოის"-იც შეუქმნია. ქვეყანაზე 1961 წელი იდგა.
(გაცნობითი ნაწილის დასასრული)
© მამუკა მაღულარია
თბილისი, 2010
გამომცემლობა: ლეონარდო
ყდა: ჯიმი გრაჩოვი
ISBN 978-9941-0-2703-1
Leonardo©2ooo
|
გამოცემისთვის
|
შესაძენად
5718