მთელი ცხოვრება ანგინა მაწუხებდა. ჰოდა, როგორც დედისერთა ბავშვების წესია, განებივრების ტრადიციის ბოლომდე დასაცავად, ჩემს მშობლებს გლანდების ამოჭრა აზრადაც არ მოსვლიათ. ამ პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, ჩვენი ნათესავი ექიმის რჩევა გამოდგა: "ყელი თბილად უნდა ჰქონდეს, "როლინგი" ეცვას ხოლმეო". თავიდან ცოტა კი მეხამუშებოდა ეს "როლინგი", მაგრამ საბოლოო ჯამში მივეჩვიე და როგორც ჩანს გაამართლა კიდეც. რადგან ჩემი თავი უმადური ადამიანი არ მგონია, სიყმაწვილეში ამ სახელწოდების წარმომავლობამ დამაინტერესა. ბევრი ვიკვლიე თუ ცოტა, ჩემდა სასიამოვნოდ გასაოცრად ეს სიტყვა, ბრიტანული როკის კლასიკოს ჯგუფ "როლინგ სტოუნზს" დავუკავშირე. ეს მოგვიანებით მოხდა, მანამდე კი ჩემი "გამოძიების" მოკლე ანგარიში მინდა გაგაცნოთ. იმ დროს როკ და ჯაზ მუსიკოსების ჩანაწერების კი არა, მათი ფოტოების შოვნაც პრობლემა იყო. შედარებით კარგად "ბითლზ"-ის მემკვიდრეობას ვიცნობდი და სურათებზე ჩემნაირი "როლინგი" ყველაზე ხშირად რინგო სტარზე შემინიშნავს. სწორედ ეს სამოსი გამოარჩევდა ამ უკანასკნელს დანარჩენებისაგან. იმასაც კი ვფიქრობდი: ეტყობა ამ კაცსაც ანგინა აწუხებს მეთქი. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ლოგიკურად მქონდა წარმოდგენილი, რომ "როლინგ სტოუნზ"-ის უმრავლესობასაც "როლინგები" ეცმეოდათ. ბოლოს, მოვლენებმაც არ დააყოვნა და ამ გამოცანასაც ნათელი მოეფინა... გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი მეგობარი, პირდაპირ გაკვეთილების შემდეგ, მის ნათესავთან გავემართეთ. ჩვენი "ექკურსია" უკვე სადარბაზოდან დაიწყო, რომლის კედელსაც გულმოდგინედ შესრულებული ლათინური წარწერა - "The Rolling Stones" ამშვენებდა. მეორე "ექსპონატი" გახლდათ, ბინის კარზე საგულდაგულოდ დაკრული წითელი ფერის ტუჩებისა და იქიდან გადმოგდებული უზარმაზარი ენის გამოსახულება. პირველი, რაც ბინაში აღმოჩენისას თვალში მომხვდა, ეს იყო მოზრდილი პლაკატი კედელზე, სადაც განრისხებული კაცი თითქოს მიკროფონის გადაყლაპვას ცდილობდა. წითელი ფერის წარწერა კი გვამცნობდა: "Mick Jagger"-ო. თვითონ "როლინგი" ჯერ არსად ჩანდა, სამაგიეროდ ინტუიციამ მიკარნახა, რომ კარებზე დაწეპებული ის ტუჩები ამ კაცისა უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, უკვე ინტრიგისა და ჰიპნოზის მსუბუქი ნაზავის მოზღვავებას ვგრძნობდი... როგორც მოსალოდნელი იყო, იმ დღის კულმინაცია ფირფიტა გამოდგა, რომელიც ჩვენმა მასპინძელმა მოწიწებით ჩართო, ყდა კი მე გამომიწოდა. ინსტინქტურად, ორივე ხელის ისედაც სუფთა გული, სკოლის უნიფორმის შარვალზე შევიწმინდე და ეს ძვირფასი ნივთი, იმავე მოწიწებით ჩამოვართვი. ზუსტად იმ წამს მუსიკაც გაისმა და ვიგრძენი, რომ სავარძელში უფრო ღრმად ვიძირები. პირველ სიმღერას რომ პაუზა მოჰყვა, შეძლებისდაგვარად ვეცადე დედამიწაზე დავბრუნებულიყავი და ალბომის ყდა ჩემსკენ შემოვატრიალე. პირველი რამაც დამაბნია იყო ის, რომ ნახევრად ჩაბნელებული ფოტოდან ხუთი ადამიანის სახე მიმზერდა. მე კი რატომღაც ოთხს მოველოდი. თვალში ისიც მეცა, რომ ესენი ერთნაირად სულაც არ იყვნენ ჩაცმულები. სადარბაზოს კედლის, ზემოთ აღნიშნული წარწერა, აქ გაცილებით დახვეწილად გამოიყურებოდა. ხოლო ქვემოთ კიდევ ერთი ასეთი რამ ეწერა: "12X5" გამოცანასავით. "ტუჩების" ნიშან-წყალი თითქოს არსად ჩანდა. სამაგიეროდ ის მეხუთე მგონი მართლა ანგინიანი იყო, რადგან სქელი ველვეტის პიჯაკში "როლინგი" ეცვა... ნუთუ საჭიროა იმის თქმა რომ, მეორე დღიდან მოყოლებული "როლინგების" (ჯგუფისაც და სამოსისაც) ფანი გავხდი? ეს დღეს, როცა "როლინგ სტოუნზი" 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, ყველასათვის ჩვეულებრივი ამბავია ველვეტის არსებობა, თორემ მაშინ, მაქსიმუმი რასაც ჩვენი თაობა თავისი გარდერობისათვის ინატრებდა ჯინსები იყო. ჰოდა, როგორც დედისერთა ბავშვების განებივრების წესია, ეს ჯინსებიც საკმარისად მქონდა ჩემს გარდერობში, "როლინგებზე" რომ არაფერი ვთქვა. აქ უკვე ველვეტის როლინგის ქონის სურვილმა შემიპყრო, ისეთის როგორიც ბრაიან ჯონსს ეცვა. ჩემი გაუთხოვარი მამიდა, როგორც იტყვიან - ერთთავად ჩემზე იყო გადაყოლილი და რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მისთვის მეთხოვა და არ მიმეღო. ჰო მართლა, ის წარმატებით მოღვაწეობდა რომელიღაც სამეცნიერო დაწესებულებაში და შვებულებას საზღვარგარეთ, რომელიმე საერთაშორისო კონფერენციაზე ატარებდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, რამდენად გაოცებული დარჩა იმ წელს მამიდაჩემი, როცა ისედაც გათვალისწინებული "როლინგის", ოღონდ ველვეტის "როლინგის"- ჩამოტანა ვთხოვე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ამბავი ასე დასრულდა: ბულგარეთიდან (თუ უნგრეთიდან) საჩუქრად მივიღე ჩვეულებრივი "როლინგების" წყება და ველვეტის რუხი ფერის არაჩვეულებრივი შარვალი. აღმოჩნდა რომ ველვეტის, როგორც ასეთის "როლინგი" ბუნებაში არ მოიპოვებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი თავი უმადური ადამიანი არ მგონია და დავმორჩილდი ბედს იმ იმედით, რომ გავიზრდები და ჩემს გარდერობსა და ფირფიტებს მე თვითონ მივხედავ. ამისი საშუალებაც მალე მომეცა. ჩემი პირველი მოგზაურობა დიდ რუსეთში შესდგა. აქ ფირფიტების მართლაც მრავალფეროვანი არჩევანი აღმოჩნდა, მაგრამ ველვეტის კი არა, ჩვეულებრივი "როლინგის" შეძენაც კი ვერაფრით მოვახერხე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარი სწორედ ამგვარად იყო ჩაცმული. რა მეფიქრა აღარ ვიცოდი, რა სალაპარაკოა და ამის გამო უხერხულ და სასაცილო სიტუაციებშიც კი აღმოვჩენილვარ. ბოლოს, როგორც იქნა, სახლში დაბრუნების წინა დღეს სრულიად შემთხვევით ნათელი გახდა, რომ თურმე რუსეთში "როლინგს" - "ბიტლოვკას" ეძახიან. აი აქ ისევ რინგო სტარი გამახსენდა. რა გაეწყობოდა, შინ ევგენი ონეგინის ჩაფიქრებული გამომეტყველებით დავბრუნდი... სხვა გზა არ იყო - იმედს არ ვკარგავდი, რომ ოდესმე საზღვარგარეთ მოვხვდები და ამ პრობლემას საბოლოოდ ნათელი მოეფინება. ბოლოს ეს იმედებიც გამიმართლდა და შუაგულ ევროპაში აღმოვჩნდი. ეს ის დრო იყო, ფირფიტები რომ დაივიწყეს და მუსიკას ხალხი ლაზერული კომპაქტ-დისკებიდან რომ უსმენდა. იმ ავად სახსენებელ "ბიტლოვკას" უფრო სწორედ "როლინგს" რაც შეეხება - მსგავსი არავის არაფერი გაეგო და ეს ამბავი ხუმრობა ეგონათ. როგორც მაღალი ცივილიზაციების ქვეყნების წესია, აღმოჩნდა რომ აქ სვიტერს სვიტერი ჰქვია, ისევე როგორც ფეხსაცმელს - ფეხსაცმელი. საბოლოო ჯამში, შინ დაბრუნების წინ ისევ ჩემმა მასპინძელმა მანუგეშა, როცა მის მიერ მთელი სერიოზულობით ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მამცნო: მიკ ჯეგერის გავლენით 70-იან წლების ინგლისში ველვეტზე მოთხოვნამ მართლაც აიწია და შესაბამისად მისი წარმოებაც გაიზარდაო. საჩუქრად კი "როლინგების" ლოგოტიპითი დამშვენებული "ბიტლოვკა" გადმომცა.