გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს, ორი მეგობარი მესტუმრა. ერთი ბავშვობის, მეორე მაშინდელი საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების წევრის ახლო ნათესავი. ზუსტად არ მახსოვს, ჩვენი ფეხბურთელები რომელი ქვეყნიდან დაბრუნდნენ, თან ხელცარიელი არა. ჰოდა, ეს ჩემი მეორე მეგობარიც, შესაბამისად ხელდამშვენებული მოვიდა. საწყალი მაშინდელი ჩემი მონო ფირსაკრავი, ცალ დინამიკიანი "აკორდი" უკვე ჩართული მქონდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედით: ლამაზად გაფორმებული ცელოფნის პაკეტი გავხსენით და იქიდან დისკები ამოვიღეთ, როგორც მუზეუმის ერთგული თანამშრომელი იღებს თეთრი ხელთათმანებით, პირველყოფილი ადამიანის თავის ქალას. ისე, ეხლა კი მეცინება, მაშინ აქედან არცერთი დასახელება რომ არ ვიცოდით. პირველი ჩავრთეთ ფირფიტა, რომლის ყდაზეც თითქოს ზღარბი ეხატა, თან თითქოს ტანკსაც ჰგავდა, წარწერაც ბოლმდე ვერ გავარჩიეთ. მოკლედ პირველ მხარეზე, 20 წუთი ორღანს ვუსმინეთ და ვერაფერი ვერ გავიგეთ. სტუდენტი გამოცდაზე ბილეთს რომ არჩევს, მეორე დისკი ისე ამოვარჩიეთ. ამას გარედან საერთოდ არაფერი არ ეწერა, ზედ მხოლოდ ერთი ძროხა ეხატა, თან ზურგშექცევით. ესეც ასე 20 წუთი გაგრძელდა თავისი ორკესტრითა და კაპელით. ცოტა არ იყოს მოვიწყინეთ, მაგრამ არ ვიმჩნევდით. მოკლედ, "კოლხეთი" გავაბოლეთ და "ენისელი"-ც მივაყოლეთ. შემდეგს, ბოლოსთვის გადადებულ რაღაც საეჭვოს, უხალისოდ მივადექით, რომელსაც წინ თითქოს "ქსეროქს"-ზე გადაღებული, შავ-თეთრი დამტვრეული რაკეტა ეხატა ისე რაც მართალია მართალია, სახელი ნამდვილად გარკვევით ეწერა: "ლედ ზეპელინ"!