მარია კალასი დაიბადა 1923 წლის 2 დეკემბერს, ნიუ იორკში ბერძენი ემიგრანტის გეორგოს კალოგეროპულოსის ოჯახში. კალასის ბავშვობა არც თუ ისე ბედნიერი იყო. ვაჟის დაღუპვის შემდეგ დედას ძალიან უნდოდა, ბიჭი გაეჩინა და ახალდაბადებულ ქალიშვილს ზედ არც კი უყურებდა. მარია მიტოვებული ბავშვივით იზრდებოდა და მხოლოდ მისმა უეცარმა დიდებამ, ბრწყინვალე ხმითა და აბსოლუტური სმენით, შეარიგა დედასთან. 1960-იანი წლების მიწურულს მარია კალასმა დატოვა სცენა. თუმცა მას ჰქონდა მცდელობა 70-იან წლებში დაბრუნებოდა სასიმღერო კარიერას, როდესაც დაიწყო ჯუზეპე დი სტეფანოსთან ერთად ტურნე მსოფლიოს გარშემო. 1970 წელს კალასი პიერ პაოლო პაზოლინის ფილმში მედეას როლს დასთანხმდა. ეს როლი სარკესავით ირეკლავდა ყველა მის ტანჯვასა და წამებას. "ეს ქალი, რაღაც აზრით, ქალთა შორის ყველაზე თანამედროვეა, მაგრამ მასში ცხოვრობს უძველესი ქალიც - უცნაური, მისტიკური, ჯადოსნური, საშინელი შინაგანი კონფლიქტებით", - იხსენებდა პაზოლინი. 1977 წლის 16 სექტემბერს, პარიზში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მარია კალასი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.