იმ ღამეს, ყველას რომ ეძინა, აივანზე ვიჯექი, კონიაკით მქონდა სავსე ჭიქა და სიჩუმეს ვუსმენდი. ამის ატანა ძალიან გაჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო - ლამის მთელი მსოფლიო კარანტინში აღმოჩნდა, რაღაც საშინელი ვირუსის გამო. ვიჯექი და მგონი პირველად ცხოვრებაში არაფერზე ვფიქრობდი და კონიაკს ვწრუპავდი. ეჰ, ამ წელს მეც მქონდა გეგმები და მათი განხორციელების იმედიც, ნახევრი მასალა უკვე მზად მქონდა, ჯენის ჯოპლინი… მაგრამ ყველაფერი რაღაც უხილავმა, ადამიანზე მილიონჯერ პატარა მიკროორგამიზმმა გააუქმა. ზოგი ამბობდა, ღვთის რისხვაა კაცობრიობის ცოდვებისთვისო. ზოგი – დასავლეთის შეთქმულება აღმოსავლეთის წინააღმდეგო, და ზოგიც – პირიქით. (კონიაკის დასხმის ხმა) ნეტა მომესწრო და დამემთავრებინა... კომენდანტის საათის სიჩუმეში შორიდან ისმის ჯენის ჯოპლინის სიმღერა... ჯენისი: (ექოთი) მინადა თოლია ვიყო... თოლია... გივი: (ბურანში) აქ როგორ მოხვედი... არ იცი რომ კომენდანტის საათია... ჯენისი: (ექოთი) რატომ არა ვართ ჩვენ თოლიები, ასე ლაღად რომ შეგვძლებოდა ფრენა... გივი: (ბურანში) რომ დაეჭირეთ დაგაჯარიმებდნენ... ჯენისი: (ექოთი) მე ხომ მხოლოდ 27 წლის ვიყავი... ისინიც... მორისონი, ჰენდრიქსი... ჯონისი... გივი: ეჰ, მგონი დავთვერი... ჯენისი... ჩემს წარმოსახვაში ასე ოციოდე წლის გოგო იყო. არც თუ ისე შეხედული და არც მაინცა და მაინც შეუხედავი. ბიჭივით, დაუდევრად ეცვა. ჯენისი... მასზე წერდა ყველა გაზეთი, იღებდნენ ფილმებს და აღარ დარჩენილა დედამიწაზე კუთხე-კუნჭული, სადაც მისმა ხმამ არ შეაღწია. ბოლოს კი მეც გადავწყვიტე მის შესახებ რადიოპიესის შექმნა. ყველაფერი კარგად მიდიოდა რომ არა ეს პანდემია და ეს კარანტინი... (სიზმრისეული მუსიკა) ჯენისი: ნეტა მოგესწრო დამთავრება... ისე რა კარგად მოიფიქრე შუქურის შესახებ... (ოკეანის ტალღების ხმა) ჯენისი: რომ დავბერდები შუქურაში ვიცხოვრებ, ხომ იქნება სადმე მიტოვებული შუქურა გივი: ალბათ ჯენისი: ან სულაც ამ შუქურას ვიყიდი გივი: ვშიშობ, ამ შუქურას მანამდე დაანგრევენ ჯენისი: საწყენი იქნება, თუმცა რა არის ამ ქვეყანაზე მუდმივი... (ითვლის საფეხურებს) 72 საფეხური... 72 ხომ შებრუნებული 27-ია. (თოლიების ხმა) ჯენისი: აუ, რა სილამაზეა... რატომ არა ვართ ჩვენ თოლიები, ასე ლაღად რომ შეგვძლებოდა ფრენა... გივი: პიესაზე მუშაობისას მინდოდა წარმომედგინა მისი სახე ჩემს წარმოსახვაში ის მხოლოდ თვალებით იღიმებოდა, სევდიანად, თითქოს გრძნობდა თავის დასასრულს. ჯენისი: ოცდაშვიდი... ოცდაშვიდი... მორისონი, ჰენდრიქსი... ჯონისი... (ხმა ექოში იკარგება) გივი: და მე დავინახე, როგორ ეწეოდა ის სიგარეტს შუქრის აივანზე და როგორი იდუმალი მზერით აცილებდა, ოკეანის თავზე გაფანტულ დაფერფლილ თამბაქოს. (ისმის მანქანების ხმა, რომელიც ძლიერდება) გივი: (ფხიზლდება) გათენდა... კომენდანტის საათიც ამოიწურა.. საცაა მზეც ამოვა... (იზმორება) ეტყობა ბევრი დავლიე... მაგიდაზე, ჭიქის ქვეშ ბარათი იდო. ბარათზე გაკრული ხელით ეწერა: " როცა ძალიან გაგიჭირდება ჩემი სიმღერა მოისმინე... ჯ. ჯ. "