ხულიო: შეიძლება? დედე: შემოდი ხულიო. ჩარლი: ხულიო, როგორც ყოველთვის ბოლომდე ჩემი ერთგულია! ხულიო: დიდი ხანია არ შევხვედრივართ ჩარლი. ჩარლი: ჰო ითვალე, ითვალე. ნეტავ ეს ბუღალტერია რამ შეგაყვარათ... დედე: მე ჩაის მოვამზადებ. ხულიო: დედეს რა სჭირს? ჩარლი: ბრაზობს - საქსოფონი დავკარგე და... ხულიო: როგორ მოახერხე? ჩარლი: მეტროში. მეტი უსაფრთხოებისათვის სკამის ქვეშ მოვათავსე. ვიფიქრე ფეხებთან მექნება და მშვიდად ვიმგზავრებ მეთქი. დედე: ჰოდა, აგერ კიბეზე გაახსენდა, ბატონო. მე კი, გადარეულივით მეტროს პოლიციაში გავიქეცი. ჩარლი: ვინმე მაწანწალა იპოვნის და დაკვრას მაინც ისწავლის... უვარგისი რამე კი იყო, ყველაზე უვარგისი რაც კი მქონია. მაგაზე ხომ დოკ როდრიგესი უკრავდა, ბოლომდე გაანადგურა, მთელი შიგნეულობა მოუსპო. თვითონ ინსტრუმენტს არა უშავდა, მაგრამ როდრიგესი ხომ სტრადივარიუსსაც მოინელებს. ხულიო: სხვას ვერ ვიშოვნით? დედე: ვცდილობთ. რორი ფრენდს უნდა ჰქონდეს. მაგრამ კონტრაქტი... ჩარლი: რომელი კონტრაქტი!? კონცერტი დამთავრებულია... აღარც საქსი, აღარც ფული, ბიჭებსაც არაფერი აბადიათ... ხულიო: როდისთვის გჭირდება, ჩარლი? ჩარლი: რა ვიცი... დღეს, არა დე? დედე: არა, ზეგ. ჩარლი: ყველამ ყველაფერი იცის, ჩემს გარდა. შემიძლია დავიფიცო რომ დღეს! და დავუკრავ კიდეც... დედე: რას ბრძანებ!? აბა საქსი მანახე. ჩარლი: რას და იმას, რომ "ზეგ" "ხვალეს" მოჰყვება, "ხვალ" კი "დღეს". სხვათაშორის "დღეს" ჯერ არ დამთავრებულა. მე კი აგერ პლედში გახვეული ვზივარ და ხულიოსთან ვლაქლაქობ. ჯანდაბას - რაც არის არის. რამეს დალევდა კაცი... დედე: ცოტაც და წყალიც ადუღდება. ჩარლი: მდუღარეს რა თავში ვიხლი!? ხულიო: ჰო მართლა, ცოტაოდენი რომი წამოვიღე... ჩარლი: აი ეს მესმის... დედე: მგონი ჯობს ექიმი ბერნარი გამოვიძახოთ, ხომ ხედავ გაციებს და არაფერს ჭამ. ჩარლი: ბერნარი სულელი და მასხარაა. ასპირინს გამომიწერს და მოჰყვება თუ როგორ უყვარს ჯაზი - მაგალითად რეი ნობლი! ეჰ, საქსი რომ მქონდეს მე მაგას ვაჩვენებდი ნამდვილ ჯაზს! ხულიო: თუ გინდათ, მე დავურეკავ ბერნარს ქვემოთ რომ ჩავალ... მაგრამ კონტრაქტი... ისე, ზეგ თუ იწყებთ, იქნებ რამე მოვახერხოთ... ვეცდები რორი ფრენდს დაველაპარაკო, მაგრამ ჩარლი - დამპირდი რომ ამჯერად უფრო გონიერად მოიქცევი. ჩარლი: ჰო კარგი, ოღონდ დღეს არ მინდა ბერნარი. საქსი რომ მექნება მაშინ იყოს - მინდა ღირსეულად დავხვდე... დედე: მე მაღაზიაში ჩავდივარ, მალე დავბრუნდები... ჩარლი: მომისმინე ბრუო, დედესთან ამაზე ვერ ვილაპარაკებ. ჯანდაბა! მგონი მართლა მაციებს... ჰოდა იმას გეუბნებოდი - ახლა ვხვდები რა არის დრო... და ეს მუსიკამ მასწავლა - გესმის? არა თუმცა ეგრე ადვილად ვერ გაიგებ... არა კი არ მასწავლა, თითქოს უფრო ვგრძნობ ამ ბოლო დროს... გესმის? აი როგორც სიზმარში რომ ვარდები ხოლმე სადღაც... თან თითქოს შიშიც ნამდვილი არ არის... მერე შეიძლება ყველაფერი გადატრიალდეს - ფირფიტასავით და ბედნიერი დედესთან აღმოჩნდე... და ყველაფერი კარგადაა... იცი რა, ხულიო - ასეთი რამ თითქოს სადღაც წამიკითხავს კიდეც, მაგრამ მთავარი ისაა რომ, მუსიკამ მაგრძნობინა ეს, გესმის? თითქოს თავში მიკაკუნებს... და ვხვდები, რომ ყოველი ჩემი დაკრული ნოტი, სადღაც უკან რჩება... და რაც უფრო შორს ვტოვებ მათ, უფრო ვხვდები ამას... ხულიო: თითქოს მესმის ჩარლი... მაგრამ სულ ოფლიანი ხარ. ჩარლი: ჰო ვიცი... თუმცა, მეგონა რომ ვიცოდი, მაგრამ ეს უკვე იყო, გესმის? რა აზრი აქვს იმას რაც უკვე იყო? მთავარია ისაა, რაც ამ წუთას თავში მომდის. ღმერთო ჩემო - რა რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ არის... რომი ხომ არ დარჩა კიდევ? ხულიო: ჰო, ბარემ ესეც დავლიოთ... ჩარლი: ხულიო, მომისმინე: ამაზე რომ დაგეწერა არ გინდა? არა ჩემზე კი არა... მემგონი კარგად გამოგივიდოდა... ეს ამბავი ჯერ კიდევ ბავშვობაში შევნიშნე, საქსოფონზე რომ ვისწავლე დაკვრა, მაშინ ასე 11-ის ვიქნებოდი. მუსიკამ თითქოს დროში ჩამკეტა, ოღონდ ეს სხვა დროა... ამ დროს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ დრო ყველასათვის ერთნაირად არ გადის... ეს ჯიმსაც ვუთხარი, მან კი: "ჰო ალბათ იმათთვის ვინც თავის თავში იკეტებაო"... მე არ ვიკეტები, გესმის? მხოლოდ გადავაადგილდები როცა ვუკრავ, აი ისე როგორც ლიფტში, ხალხს რომ ელაპარაკები. ამასობაში კი დაბლა რჩება 1 სართული, მე-10-ე, მე-20-ე და ბოლოს მთელი ქალაქი. ჰოდა 1-ზე რომ დაიწყე, იმ ფრაზას მე-20-ზე ამთავრებ... ჰოდა დაკვრას რომ ვიწყებ თითქოს ლიფტში შევდივარ... ხულიო: საინტერესოა... ჩარლი: ჰო ადვილი არ არის... აი იმ ჩემოდანს ხომ ხედავ, ხულიო? შიგ ორი კოსტუმი და ორი ფესაცმელი დევს. ახლა წარმოიდგინე რომ ეს ყველაფერი იქიდან გადმოყარე და ისევ უკან გინდა ჩაალაგო, მაგრამ მხოლოდ ერთი კოსტუმი და ერთი ფეხსაცმელი ეტევა. შენ კი ცდილობ ორივე ჩატენო... მეც ეგრე ვცდილობ ჩავტენო მუსიკა იმ დროში რომელშიც ვუკრავ, ჰო მუსიკა და კიდევ ის რაზეც ვფიქრობ ხოლმე მეტროში. ხულიო: მეტროში? ჩარლი: ჰო მეტროში! მეტრო გენიალური გამოგონებაა! არა, შეუძლებელია... საქსს მეტროში ვერ დავკარგავდი... ჯანდაბას - რაც იყო იყო! სამაგიეროდ სწორედ მეტროში დავფიქრდი ჩემოდანზე... ჰო ეს წარმოუდგენელია მაგრამ: ირგვლივ თითქოს ყველაფერი იწელება! რეზინივით, გესმის? ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევთ... შენ ეს მითხარი ხულიო: ესე იგი ზეგისთვის საქსი გვექნება? ხულიო: იმედია ჩარლი, ოღონდ ამჯერად უფრო გონიერად უნდა მოიქცე. ჩარლი: კონტრაქტი მთელ თვეზეა გათვლილი: ორი გამოსვლა რესტორანში, ორი კონცერტი და ორი ჩაწერა სტუდიაში. იმედია ცოტას ამოვისუნთქებთ... ოჰ, მოწევა ისე მინდა, რომ... ხულიო: აჰა, აიღე ჩარლი. ჩარლი: მადლობა მეგობარო! დე კარგი გოგოა, მაგრამ მისი სიყვარული აღარ შემიძლია, გესმის? დავიღალე... მგონი სჯობს ნიუ-იორკში დავბრუნდე... ხულიო: ნიუ-იორკში რა გინდა? გაგიჭირდება... თან პარიზში უფრო მეტი მეგობარი არ გყავს? ჩარლი: ჰო, მართალია: შენ, ბარონესა, ბიჭები... გამოტყდი ხულიო: ბარონესა ხომ არ შეგიყვარდა? ხულიო: ჩარლი! მე ხომ ცოლიანი ვარ... დედე: სიბნელეში რატომ ზიხართ? ექიმს ველაპარაკე, 10-ზე მოვა. მანამდე მშვიდად იწვესო... ჩარლი: ჰო კარგი კარგი, მოყოლას დავასრულებ და დავწვები... მეტროში, "ოდეონის" სადგურზე ჩავჯექი და მაშინვე ლენი გამახსენდა, მერე ჩემი უბანი და ბიჭები. თან ისიც მახსოვდა რომ ერთ წუთში "სენ-ჟერმენზე" უნდა ჩავსულიყავი. მერე დედაჩემიც გამახსენდა, ბაზრიდან რომ ბრუნდება და თითქოს მეც იქ ვარ. ისე მოგონებები არ მიყვარს, მაგრამ ამჯერად კი მესიამოვნა ისევ იქ რომ აღმოვჩნდი. ალბათ სულ ერთი წუთი გავიდა, მაგრამ ყველაფერი დეტალებში დავინახე - გესმის? აი ლენი, თავისი მწვანე კაბით, წელი და საყელო ლენტებითა და ბაფთებით რომ მოურთავს. ისე ცხადად დავინახე თითქოს გარს ვუვლიდი. მერე მაიკლი ვნახე - ჩვენი მეზობელი კოვბოი, რომელიც კოლორადოს ველურ ცხენებზე მიყვება... ეს მხოლოდ იმის მცირე ნაწილია, რაზეც ვფიქრობდი... მითხარი ხულიო: რამდენ ხანს ვლაპარაკობდი ახლა? ხულიო: რა ვიცი, ასე ერთი-ორი წუთი. ჩარლი: ჰოოო... ორ წუთში მხოლოდ მცირე ნაწილი მოგიყევი. წარმოიდგინე თავიდან ბოლომდე ყველაფერი რომ მომეყოლა!?: როგორ უკრავს ჰემპი და მე კი მისი ყოველი ნოტი მესმი... ანდა დედაჩემი როგორ კითხულობს ლოცვას... ან კიდევ ფერფლიანი ურნები... მაშინ? მაშინ რამდენი წუთი დამჭირდებოდა? ხულიო: მაშინ... ალბათ ნახევარი საათი მაინც... ჩარლი: ჰოოო... ალბათ ნახევარი საათი... მაშინ ამიხსენი: როგორ მოხდა რომ, როცა გამოვერკვიე უკვე "სენ-ჟერმენზე" ვიყავი, რომლამდეც "ოდეონიდან" ზუსტად ერთი წუთის გზაა? ერთი წუთის... მაშ ერთი წუთის განმავლობაში, ნახევარი საათი როგორღა გავიდა... ეს პირველი შემთხვევა არაა... ამას მეტროში ვგრძნობ ხოლმე... მეტროში ჩაჯდომა იგივეა რომ დროში ჩაჯდე. სადგურები კი თითქოს წუთებია... მაგრამ მე ვიცი რომ სხვა დროც არსებობს, გესმის? აი ეგ დრო რომ გვაპოვნინა... მაშინ რამდენად მეტს ვიცხოვრებდით... წარმოგინდგენია? რამდენ რამეს მოვასწრებდით ერთ წუთში... და "ხვალეზეც" აღარ ვიფიქრებდით... დედე: ღმერთო ჩემო ჩარლი! სულ კანკალებ... ხულიო: ბოდიშს გიხდით: წასასვლელი ვარ, უკვე ექვსი... დედე: ახლავე დაწექი. მე ხულიოს გავაცილებ... ხულიო: ნახვამდის მეგობარო... დედე: "კამარილოდან" გამოწერის შემდეგაა ასე... ხულიო: ბელგიურმა გასტროლებმა როგორ ჩაიარა? დედე: ბრწყინვალედ დაუკრა... ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ისეთი ბედნიერი ვიყავი... მაგრამ... ბოლოს... შუა გზაზე მოულოდნელად შეწყვიტა დაკვრა, მაილსს მიადგა და დაუსრულებლად უმეორებდა: "ეს ხომ უკვე "ხვალ" დავუკარიო"... ხულიო: როგორ - "ხვალ"?... მგონი... ახლა ალბათ გიჭირთ, დე... დედე: კონტრაქტის იმედი გვაქვს ზეგ... ხულიო: გჯერა რომ დაკვრას შეძლებს? დედე: რათქმაუნდა! როგორც არასოდეს... მაგრამ საქსოფონი... ხულიო: ვეცდები დაგეხმაროთ. აი ეს გამომართვი - ცოტაოდენი ფულია... დედე: ოჰ, ხულიო! ხულიო: მაგრამ, სჯობს ჩარლიმ არაფერი იცოდეს... კონცერტის წინ მოწევის უფლებას ნუ მისცემთ, ისე ერთი ჭიქა ალბათ არ აწყენს...