"ბიჩ ბოისი" მემგონი პირველი ნამდვილი როკ-ჯგუფია, თანამედროვე გაგებით. ჩვენთან თითქოს ხელწამოსაკრავიც კი იყო ხოლმე ეს ხალხი, სამან ერთ მშვენიერ დღეს - აგერ უკვე მეოცე საუკუნის ბოლოს, არ გავიღვიძეთ და როკ-მუსიკის ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერთა ჩამონათვალში, პირველ ადგილზე არ აღმოვაჩინეთ, ამათი 1966 წლის ალბომი "მოფერების ხმები". რაც კაცობრიობამ ასეთი სიები მოიგონა, მანდ ხომ სულ "ბიტელს"-ის "სერჟანტი პეპერი" იდგა. ჰოდა, წარმოიდგინეთ რა აურზაური გამოიწვია ამ ამბავმა. ისე, მე მაინც მეჩვენება, რომ ამ ჩანაწერის მნიშვნელობა ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ამას იმით ვხსნი, რომ ხალხმა ძალიან გვიან დააფასა ეს ალბომი. უფრო საინტერესო ის არის, რომ იმავე პერიოდის მეორე დისკი "ღიმილი", ჯერ მემგონი საერთოდ არც დაუფასებიათ სათანადოდ, ძალიან თავგანწირულ მსმენელს თუ არ ჩავთვლით. ეს "ღიმილი" დღემდე არ გამოდიოდა იმ სახით, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული. მართალია, არსებობდა 1967 წლის "ღიმილიანი ღიმილი", მაგრამ ეს ალბათ ამათი ყველაზე სუსტი ჩანაწერია. იმ შედევრის ფრაგმენტები კი, მომდევნო რამოდენიმე დისკშია გაფანტული. 2004 წელს, უკვე ხანში შესულმა ბრაიან უილსონმა, მაინც გამოსცა ამ "ღიმილი"-ს თანამედროვე ვარიანტი, მაგრამ თითქოს მაინც ის არ არის, რაც თავიდან უნდა ყოფილიყო. და ბოლოს, როგორც იქნა ჯგუფის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეს დისკიც ვიხილეთ იმ სახით თავიდან როგორიც უნდა ყოფილიყო, ბრაიანი ავად რომ არ გამხდარიყო და სტუდია "კეპიტოლ"-ს თავის ჭკუაზე რომ არ დაეჩეხა ეს შედევრი. თან, ამ დროს ხომ ბრირანულმა როკმა დაჩრდილა ყველა და ყველაფერი და ეს ამბავიც ეტყობა დავიწყებასაც მიეცა, დიდი ხნით.